Slide 1

ჩვენი აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

Slide 2

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვაო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების საზღვაო განათლების ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან. ყოველივე ხელს უწყობს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების დასაქმების ხელშეწყობას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

Slide 3

სწავლა ჩვენთან

საზღვაო აკადემია ახორციელებს აკრედიტირებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი წარმატების საფუძველია პროფესიულ საქმიანობაში.

Previous Next

ელექტრონული სწავლების პორტალი

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო ყველა პროგრამაში ქართველი და უცხოელ სტუდენტებისათვის აქტიურად ინერგება ელექტრონული სწავლება.

სტუდენტთა შეფასების სისტემა

აკადემიის სტუდენტთა ვებ-პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი აკადემიური მდგომარეობის შესახებ, საგამოცდო საკითხები და საგამოცდო განრიგი.

ვიდეო

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

აკადემიის შესახებ

საზღვაო განათლება ბათუმში ითვლის შვიდ ათეულ წელზე მეტს. გასული საუკუნის 20-იან წლებში ბათუმის პორტში გაიხსნა საღამოს საზღვაო კურსები, რომლის ბაზაზე 1929 წელს დაარსდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი. 1944 წლის 5 მარტს სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით საზღვაო ტექნიკუმის ბაზაზე შეიქმნა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი.

ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელმა თავისი არსებობის ნახევარსაუკუნოვან პერიოდში უდიდესი როლი ითამაშა საზღვაო საქმის განვითარებაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოეთში. სასწავლებელმა 5 ათასამდე მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი მოამზადა საზღვაო ფლოტში სამუშაოდ.  მისი კურსდამთავრებულები დღესაც წარმატებით მუშაობენ საოკეანო გემებზე საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დროშის ქვეშ.

ამ დიდი ტრადიციების მქონე ავტორიტეტული საზღვაო სასწავლებელის ბაზაზე, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 1992 წელს დაარსდა ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი, რომელმაც ასევე საქართველოს მთავრობის 1994 წლის გადაწყვეტილებით მიიღო სტატუსი: სახაზინო საწარმო – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ბსსა).

2004 წლიდან საქართველოში დაიწყო მთელი განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა. 2005 წლის 25 აპრილს აკადემიის სტატუსი განისაზღვრა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №184 დადგენილებით განისაზღვარა საზღვაო აკადემიის დღევანდელი სტატუსი, სახე და სახელწოდება: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (Batumi State Maritime Academy – Teaching University – Legal Entity of Public Law)

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სთავაზობს სტუდენტებს განათლების მიღების შესაძლებლობას საზღვაო ინდუსტრიის ფართო სპექტრში. აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ სამეთაურო თანამდებობები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში, საზღვაო კრუინგულ კომპანიებში და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებასთან, კონტროლთან და მართვასთან.  

აკადემია ხელს უწყობს საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში განლაგებული სხვადასხვა საზღვაო დაწესებულების განვითარებას. ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებთან და სუფსის ტერმინალთან ახლომდებარეობა კარგ პირობებს უქმნის აკადემიის სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი სასწავლო პრაქტიკა ხსენებული ნავსადგურების ბაზაზე, ამავე დროს აკადემია უზრუნველყოფს მათ კვალიფიცირებული კადრებით.

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია ცდილობს შეუქმნას სტუდენტებს ისეთი პირობები, რომელიც აუცილებელია მათთვის საგანმანათლებლო პროგრამებში დასახული ცოდნისა და უნარჩვევების ასათვისებლად. ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტისათვის საბოლოო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ სრულფასოვანი სასწავლო გარემო და საცხოვრებელი პირობები. სტუდენტური თვითმმართველობა ეხმარება პირველკურსელებს ახალ პირობებთან ადაპტირებაში, უფროსკურსელებთან და აკადემიური პერსონალთან დაახლოებაში, აკადემიის სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებაში.

რას წარმოადგენს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სპეციფიკური ტიპის უმაღლესი სასწავლებელია, რაც განპირობებულია იმით, რომ საზღვაო ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ყველა სამსახურის საქმიანობა რეგულირდება არა მხოლოდ ნაციონალური კანონმდებლობით არამედ საერთაშორისო ნორმებითაც. საზღვაო ტრანსპორტის დარგში საერთაშორისო კანონმდებლობის მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ხოლო საერთაშორისო ნორმებთან კოორდინაციის საკითხებს  აგვარებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი. IMO-ს ძირითად საკანონმდებლო დოკუმენტს წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო კონვენცია „მეზღაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ“,  (STCW 78/95). 1993 წელს საქართველო შეუერთდა ამ კონვენციას, რითაც აიღო ვალდებულება მეზღვაურთა მომზადების პროცესის სრულ თავსებადობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან.

სატრანსპორტო სფეროს, კერძოდ კი საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებულია ქვეყნის განვითარების ერთერთ სტრატეგიულ მიმართულებად. გლობალური ტრანსნაციონალური პროექტების რეალიზებამ ჩვენი ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური დივიდენდები უნდა შესძინოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად, ხელფასის სახით, ქართველი მეზღვაურების მიერ ქვეყანაში შემოტანილი თანხა ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს მყარ ვალუტაში (დოლარი, ევრო). ჩვენს კურსდამთავრებულებს მაღალი კონკურენციის პირობებში უხდებათ მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა საზღვაოსნო კომპანიებში და აკადემიის კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის მაღალი პროცენტი (საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე - 71%, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე - 63%) საქართველოს საზღვაო განათლების მაღალი დონის მაჩვენებელია.

კადრების მომზადება საზღვაო აკადემიაში წარმოებს ორ ფაკულტეტზე და პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრში (VTCC). საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე მზადდებიან კადრები ე.წ. კონვენციური სპეციალობებით, შემდგომში მათი საზღვაო გემებზე დასასაქმებლად. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ამზადებს მართვის დონის სპეციალისტებს საზღვაო პორტებისა და საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურისათვის. სწავლება  საზღვაო აკადემიაში მიმდინარეობს ქართულ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში სწავლება შეიძლება განხორციელდეს რუსულ და ინგლისურ ენებზე.

საზღვაო აკადემია საქართველოში და სრულიად ამიერკავკასიაში უმნიშვნელოვანესი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ახალგაზრდები გადიან კვალიფიციურ, საერთაშორისო სტანდარტებთან შეთანადებულ მომზადებას, რომელიც აუცილებელია მათი შემდგომი დასაქმებისათვის საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში. საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება  კადრების მომზადების საქმეში ხორციელდება საზღვაო აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობით საზღვაო სწავლების ისეთ ავტორიტეტულ ცენტრებთან, როგორებიცაა საუთჰემპტონის საზღვაო ინსტიტუტი, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტი (ITU MF), მალმეს მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU), სანქტ პეტერბურგის ადმირალ მაკაროვის სახელობის საზღვაო აკადემია, ესტონეთის საზღვაო აკადემია (ЕМАРА), ოდესისა ნაციონალური საზღვაო აკადემია (ONMA), გდინიას საზღვაო უნივერსიტეტი (GMU), აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბაქოში (ASMA) და სხვები.

ჩვენი თანამშრომლობა უცხო ქვეყნების განათლების საზღვაო ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან მიზნად ისახავს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების კვალიფიკაციის აღიარებას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე.

2006 წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გახდა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) წევრი, რომლის მიზანია საზღვაო განათლებაში საერთაშორისო სტანდარტების მხარდაჭერა და განვითარება მთელს მსოფლიოში.

საზღვაო აკადემიამ წარმატებით გაიარა ნაციონალური აკრედიტაციის ყველა ეტაპი, რომელიც მოთხოვნილია საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ. ამით საზღვაო აკადემიამ დააკმაყოფილა ყველა პირობა, რაც აუცილებელია  აკადემიის კურსდამთავრებულზე გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის აღიარებისა სახელმწიფოს მიერ.

საზღვაო აკადემიაში უკვე 9 წელზე მეტია დანერგილია ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემა ISO-ს ვერსიით. 2010 წელს საერთაშორისო აუდიტის საფუძველზე საზღვაო აკადემიას მიენიჭა IQNet-ის და ISO 9001:2008 სტანდარტის ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის სერტიფიკატები. ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ აკადემიაში საქმეთა წარმოება და სასწავლო პროცესი აკმაყოფილებს IMO-ს ძირითად მოთხოვნებს საზღვაო სპეციალისტების მომზადების საკითხში. გარდა ამისა, ამით უზრუნველყოფილია საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულთა დიპლომების აღიარება დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი აკადემიაში ფუნქციონირებს 2005 წლიდან. ის შეიქმნა ადრე არსებული გემთწამყვანი და გემთმექანიკური ფაკულტეტების გაერთიანების შედეგად. ამ ფაკულტეტზე მზადდებიან კადრები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში მართვისა და ექსპლუატაციის პასუხისმგებლობის დონის სამეთაურო თანამდებობების დასაკავებლად. ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება ორი დიპლომირებული სპეციალისტის და სამი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით.

დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამებით:

1.    2-V.3.01-საზღვაო ნავიგაცია
2.    2-V.3.02-გემის მექანიკოსი

მზადდებიან მეზღვაურები, რომელთა მომზადების დონე შეესაბამება ექსპლუატაციის პასუხისმგებლობის დონის სავახტო ოფიცრის კომპეტენციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ STCW კონვენციით მოთხოვნილი  საცურაო სტაჟისა და სათანადო ცენზის დაგროვების შემდეგ მათ შეუძლიათ დაიკავონ გემის ეკიპაჟის სამეთაურო შემადგენლობის ექსპლუატაციის პასუხისმგებლობის დონის ოფიცრის (კაპიტნის სავახტო თანაშემწე, კაპიტნის III თანაშემწე, კაპიტნის II თანაშემწე, გემის IV მექანიკოსი, გემის III მექანიკოსი) თანამდებობა.

დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობა არის 180 ECTS კრედიტი, რომელიც მოითხოვს სწავლების 3 წლიან  ხანგრძლივობას (საცურაო პრაქტიკის გარეშე).

გემზე მუშაობისათვის საჭირო ლიცენზიის (მეზღვაურის სამუშაო დიპლომი) მოსაპოვებლად, დიპლომირებულმა სპეციალისტმა უნდა გაიაროს 6-თვიანი საცურაო პრაქტიკა საზღვაო სავაჭრო გემზე, რომელიც აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საზღვაო პრაქტიკასთან ერთად შეადგენს 12 თვეს, საერთაშორისო საზღვაო კონვენციის STCW-ს მოთხოვნების შესაბამისად.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებით:

1.    2-B.05.01- საზღვაო ნავიგაცია
2.    2-B.3.02- გემის მექანიკა

მზადდებიან გემის მართვის პასუხისმგებლობის დონის სავახტო ოფიცრები, რაც იმას ნიშნავს, რომ STCW კონვენციით მოთხოვნილი  საცურაო სტაჟისა და სათანადო ცენზის  დაგროვების შემდეგ მათ შეუძლიათ დაიკავონ გემის ეკიპაჟის სამეთაურო შემადგენლობის მართვის პასუხისმგებლობის დონის ოფიცრის (კაპიტნის უფროსი თანაშემწე, გემის კაპიტანი, გემის II მექანიკოსი, გემის უფროსი მექანიკოსი)  თანამდებობა.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით:

3.    2-B.3.03- გემის ელექტრომექანიკა,

მზადდებიან საზღვაო სავაჭრო გემების ელექტრომექანიკოსები.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება საზღვაოსნო მეცნიერებათა (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა არის 240 ECTS კრედიტი, რომელიც მოითხოვს სწავლების 4 წლიან  ხანგრძლივობას (საცურაო პრაქტიკის გარეშე).

სამივე საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას საზღვაო სავაჭრო გემებზე, რაც აუცილებელი პირობაა კურსდამთავრებულის მიერ „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების“ შესახებ საერთაშორისო საზღვაო კონვენცის – STCW-ის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიის დიპლომის გარდა, გემზე მუშაობისათვის საჭირო სამუშაო დიპლომის ასაღებად. საცურაო პრაქტიკა საზღვაო სავაჭრო გემებზე საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულია სწავლების მესამე წლის შემდეგ, როგორც სენდვიჩ ჩანართი.

საცურაო პრაქტიკა აუცილებელია მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც შემდგომში აპირებენ სამუშაო კარიერის გაგრძელებას გემებზე. საცურაო პრაქტიკით სტუდენტების უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიის პრაქტიკის განყოფილება.

ყოველ წელს ფაკულტეტი საშუალოდ უშვებს 60-მდე მაღალკვალიფიცირებულ შორეული ნაოსნობის შტურმანს, დაახლოებით 50-მდე გემთმექანიკოსს და 20-მდე გემის ელექტრომექანიკოსს.

სწავლება ფაკულტეტზე ორგანიზებულია, როგორც კლასიკური, ასევე უახლესი ტრენაჟორული და კომპიუტერული ტექნიკის ბაზაზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებაზე.

გარდა სპეციალობისა კურსდამთავრებულები ღებულობენ უმაღლეს საბაზო  ტექნიკურ განათლებას და სპეციალურ ცოდნას ინგლისურ ენაში, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ენას. სტუდენტები გადიან აუცილებელ სასერტიფიკაციო მომზადებას პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების ცენტრის ბაზაზე.

მომავალი გემის მექანიკოსები ღებულობენ საფუძვლიან თეორიულ განათლებას გემების აგებულებისა და გემის ძალური ენერგეტიკული დანადგარების შესახებ, ელექტრომექანიკოსები დამატებით ითვისებენ გემების ელექტრომოწყობილობების მართვის და შეკეთების უნარ-ჩვევებს. სწავლების პროცესში ძირითადი აქცენტი კეთდება უახლესი ტრენაჟერული და გამოთვლითი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

პრაქტიკის ტექნოლოგიურ ნაწილს გემთმექანიკოსები და ელექტრომექანიკოსები გადიან საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებულ სასწავლო სახელოსნოებში და სამანქანო დარბაზში. სახელოსნოები აღჭურვილია ყველა ტექნიკური მოწყობილობით, რომელიც საჭიროა ხარატისა და შემდუღებლის კვალიფიკაციის მისაღებად. სამანქანო დარბაზში დამონტაჟებულია გემის რეალური ძალური დანადგარები, რეალური დიზელ-გენერატორები, კომპრესორები, სეპარატორები, მთავარი ელექტროგამანაწილებელი დაფები და სხვა დანადგარები, რომელთა მუშაობის პრინციპისა და რეჟიმების ათვისება აუცილებელია გემთმექანიკოსისა და ელექტრომექანიკოსის მოსამზადებლად.

სწავლების საფასური ფაკულტეტზე, საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს 2250 ლარს.

სტუდენტთა რაოდენობა საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე 2011/2012 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეადგენს 841 სტუდენტს (769რეგისტრირებული და 72 სტატუს შეჩერებული).

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი გაიხსანა 2006 მანამდე არსებული ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაზაზე. მისი ფუნქციონირების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კადრების მომზადება ფლოტის, საზღვაო ნავსადგურებისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურისათვის.

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ამზადებს კადრებს დაწესებულებებისათვის, რომლებიც დაკავებული არიან საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის კონტროლის, ექსპლუატაციისა და მართვის ფუნქციებით. სტუდენტებს აქვთ საშულება მიიღონ განათლება ორ საბაკალავრო და ოთხ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებია:

1.    2-B.4.01  ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა -  საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და   ლოგისტიკა;
2.    2-B.4.02  მენეჯმენტი და ადმინისტრირება ნავსადგურის მენეჯმენტი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ბიზნესის მართვის ბაკალავრი

ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობაა 4 წელი (240 ECTS)

ფაკულტეტი ყოველ წელიწადს უშვებს 40-მდე კურსდამთავრებულს სპეციალობით „საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოგისტიკა“ და 20-მდე კურსდამთავრებულს სპეციალობით „ნავსადგურის მენეჯმენტი“.

აღნიშნული სპეციალობების სასწავლო პროგრამები შედგენილია საერთაშორისო სატრანსპორტო მოთხოვნების შესაბამისად და ამავე დროს ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე. სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან საქართველოში არსებულ სატრანსპორტო კომპანიებში, ნავსადგურებში და ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფირმებსა და კომპანიებში.

მაგისტრატურა ფაკულტეტზე გაიხსნა 2007 წელს. დღეისათვის მოქმედებს 4 სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

1.    2-M.4.01- მენეჯმენტილოგისტიკის მენეჯმენტი;
2.    2-M.4.02- ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა;
3.    2 -M.4.03-ფინანსები და საბანკო საქმე;
4.    2-M.4.04-ბიზნესის ადმინისტრირება საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება.

რომელიც უკვე სარგემლობენ მაღალი მოთხოვნით  საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში დასაქმებულ კადრებს შორის. მისანიჭებელი ხარისხია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

სწავლის ხანგრძლივობა  2 წელი (120 ECTS).

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულები ძირითადად საქმდებიან საზღვაო პორტებში, სტივიდორულ, კრუინგულ და სხვა სატრანსპორტო კომპანიებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ბიზნეს აქტივობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კერძო ფირმებსა და ორგანიზაციებში.

სწავლების საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს 2000 ლარს ბაკალავრიატისა და 2500 ლარს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სტუდენტთა რაოდენობა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 2011/2012 სასწავლო წლის მეორე სემესტრში – 319 სტუდენტს, რომელთაგანაც – 224 სტუდენტი ირიცხება ბაკალავრიატში, ხოლო – 95 სტუდენტი მაგისტრატურაში. 7 სტუდენტი სტატუს შეჩერებულია.

პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრი

გარდა ორი ფაკულტეტისა, საგანმანათლებლო საქმიანობას აკადემიაში ახორციელებს პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც ატარებს პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსებს საზღვაო ფლოტში  მომუშავე ყველა წოდების მეზღვაურისათვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს, „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების“ შესახებ საერთაშორისო საზღვაო კონვენციის - STCW-ს შესაბამისად.

ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტრენაჟერული ტექნიკით, რომელსაც აწარმოებს მსოფლიოში ცნობილი ფირმა - “TRANSAS Set the Standard”. მეზღვაურთა კონვენციური მომზადებისათვის და სერტიფიცირებისათვის გამოიყენება “TRANSAS Set the Standard”-ის შემდეგი ტრენაჟერები:

· Integrated navigational simulator – Navi-Trainer Professional 4000;
· GMDSS simulator TGS 4100;
· Engine Room Simulator ERS 4000  

ცენტრი ახორციელებს გემის რიგითი შემადგენლობის მეზღვაურების მომზადებას სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებით:

1.    გემბანის მეზღვაურის III საფეხურის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (სანავიგაციო ვახტის რიგითი შემადგენლობა);
2.    სამანქანე განყოფილების მეზღვაურის III საფეხურის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოტორისტი (გემის სამანქანო ვახტის რიგითი შემადგენლობა);

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საზღვაო სავაჭრო გემის ეკიპაჟის ნავიგაციური/სამანქანო ვახტის რიგითი შემადგენლობის წევრი.

III საფეხურის პროფესიული პროგრამებით კურსდამთავრებულები საქმდებიან საზღვაო გემებზე.

სწავლების ხანგრძლივობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შეადგენს 10 თვეს, რომელიც მოიცავს თეორიულ, პრაქტიკულ და სასერტიფიკაცოი მომზადებას.
1.    III საფეხურის გემბანის მეზღვაურის მომზადება

·         3 თვე სტაციონარული (თეორიული) მომზადება აკადემიაში;
·         6 თვე პრაქტიკა პორტში და
·         1 თვე სასერტიფიკაციო მომზადება ტრენაჟერებზე.

2.    III საფეხურის სამანქანე განყოფილების მეზღვაურის მომზადება

·         3 თვე სტაციონარული (თეორიული) მომზადება აკადემიაში;
·         4 თვე პრაქტიკა აკადემიის სახელოსნოებში და სამანქანო განყოფილებაში;
·         2 თვე პრაქტიკა პორტში და
·         1 თვე სასერტიფიკაციო მომზადება ტრენაჟერებზე.

სწავლების საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს:

1.      III საფეხურის გემბანის მეზღვაურის პროგრამაზე - 900 ლარს;
2.      III საფეხურის სამანქანე განყოფილების მეზღვაურის პროგრამაზე - 840 ლარს;

კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს აკადემიის ყველა აკადემიურ დეპარტამენტში (მიმართულება, ციკლი), ამ მიმართულებით პრიორიტეტი ენიჭება საზღვაო თემატიკას.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობაში აკადემიაში ჩაბმულია 17 პროფესორი, 26 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი და 54 მასწავლებელი, რომელთა უმრავლესობას აქვს გემზე მუშაობის სოლიდური გამოცდილება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო  მუშაობის მაღალ დონეზე წარმართვის ერთერთი უმთავრესი პირობაა  საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი (ბეჭდური ფონდი) შეადგენს 34 896 (ოცდათოთხმეტიათას რვაასოთხმოცდათექვსმეტი) ერთეულს. აქედან:

·         11 632 ერთეული (თერთმეტიათას ექვსასოცდათორმეტი) მხატვრული, შემეცნებითი და საცნობარო ლიტერატურა;
·         23 264  ერთეული (ოცდასამიათას ორასსამოცდაოთხი) სასწავლო-სამეცნიერო         ლიტერატურა, რომელიც შესაბამისობაშია სილაბუსებში არსებულ ჩამონათვალთან;
·         46 ერთეული (ორმოცდაექვსი) ელექტრონულ მატარებალზე (CD) განთავსებული;

სტუდენტებისათვის ბიბლიოთეკაში სამუშაოდ შექმნილია ყველა პირობა: სამკითხველო დარბაზი გათვლილი 58 სტუდენტზე, სამუშაო ადგილები აღჭურვილი   სათანადო ინვენტარით ( სკანერი, პრინტერი, ქსეროქსი); ინტერნეტში ჩართული 25 კომპიუტერი.

 შემუშავებულია და მიმდინარეობს სამუშაოები ბიბლიოთეკის საინფორმაციო პორტალის  გასაშვებად (ამუშავდება 2010-2011 სასწავლო წლიდან), რომლის დახმარებითაც  სტუდენტი  სახლიდან გაუსვლელად მიიღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას, კერძოდ შეუძლია: გამოიწეროს სასურველი ლიტერატურა, ისარგებლოს ელექტრონული ბიბლიოთეკით, მიიღოს ელექტრონული კატალოგის მეშვეობით ინფორმაცია წიგნადი ფონდის შესახებ და ა.შ.

ყოველ წლის მაისის დასაწყისში აკადემიაში ტარდება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია.

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს  კანონის მიღების შემდეგ საზღვაო აკადემიაში დაიწყო სასწავლო პროცესის შესაბამისობაში მოყვანა კანონის მოთხოვნებთან. დაწყებული სტრუქტურული და პროგრამული რეფორმები ხელს უწყობს სტუდენტთა მობილობას და სასწავლო პროცესის ინტეგრირებას ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან.

ჩარიცხვა საზღვაო აკადემიაში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დიპლომირებული სპეციალისტის, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე ჩარიცხვა ხორციელდება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების და “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება სრული საშუალო განათლების საფუძველზე.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის საკმარისია საბაზო საშუალო განათლება.

2012 წელს საზღვაო აკადემიაში მისაღები კონტინგენტი შეადგენს 200 სტუდენტს ბაკალავრიატში, 30 სტუდენტს მაგისტრატურაში და 120 სტუდენტს პროფესიულ პროგრამებზე.

2011 წლის ავტორიზაციის საფუძველზე საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 1730 სტუდენტით ყველა დონის საგანმანათლებლო პროგრამებზე.